უბედური ცნობიერება
(ბესიკ ხარანაულის 60 წელთან დაკავშირებით)
***
"ნოემბრის თვეში,როდესაც ხეზე თავს ვეღარ იჭერს ხმელი ფოთოლი,
მე დავიბადე."
ასე წერს ბესიკ ხარანაული თავის ერთ ლექსში. არ ვიცი, საერთოდ აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებისათვის წელიწადის დროს, როდესაც იგი იბადება, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მართლაც აქვს. განა შეიძლება ასეთი ლექსების ავტორი გაზაფხულზე დაბადებულიყო?
ბესიკის პოეზია შემოდგომასავით ყვითელი და სევდიანია. ყველას, ვისთვისაც სიცოცხლე დღესასწაულია, ვინც სამყაროს მშვენებით ხარობს და ხვალეს იმედით შესცქერის, ვურჩევდი ბესიკის ლექსების ტომს ნურასდროს გადაშლის, რადგან ნოსტალგიის, ფრუსტრაციისა და დისჰარმონიის გარდა სხვას ვერაფერს ამოიკითხავს. ხოლო, ვისთვისაც სამყაროს, თვით ჩვენი არსებობის ტრაგიკული განცდა ცხოვრების წესია, მისთვის ბესიკის ლექსები ცხოვრების თანამგზავრი გახდება. ამიტომაც ვიტყოდი, ვინც ხელოვნებაში აპოლონურ საწყისს ეძებს, დაივიწყეთ ბესიკ ხარანაულის შესახებ. მხოლოდ დიონისური ვნებების მოტრფიალეთათვის არის მისი პოეზიის კარი ღია. როგორც დანტეს ჯოჯოხეთის კარებს, ბესიკ ხარანაულის სულის კარებსაც შეიძლება დაეწეროს: "თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დაჰკარგეთ ყველამ."
***
საქართველოში – ქვეყანაში, სადაც ლექსის ასეთი მრავალფეროვნებაა, სადაც ლექსის წერა ან, ყოველ შემთხვევაში, რითმის შედგენა ლამის ყოველ გლეხს შეუძლია, სადაც მე-18 საუკუნეში ისეთი რითმები იქმნებოდა ("ტანო ტატანო, გულწამტანო..."), სხვაგან მე-20 საუკუნის ავანგარდისტულ-ფუტურისტული მიმდინარეობის პოეტები თავიანთ აღმოჩენად რომ თვლიდნენ, ვერლიბრისტობას, სხვას რომ თავი დავანებოთ, დიდი ვაჟკაცობა უნდა. რუსთველის, ვაჟასა და გალაკტიონის სამშობლოში ჭეშმარიტად დიდი გამბედაობა უნდა გეყოს პოეტს, რომ უარი თქვა ლექსის ტრადიციულ მუსიკალობაზე და თავისუფალი ლექსი წერო.
მაგრამ ვერლიბრი ბესიკ ხარანაულისათვის არც პოზაა და არც თვითმიზანი. ეს მხოლოდ მისი სულის სიღრმეებიდან ამოძახილი სიტყვების ნაკადია. (ნეტავ, თუ შეიძლება ხარანაულის პოეზიისათვის "ცნობიერების ნაკადის" პოეზია დაგვერქმია?) ეს მისი ჭვრეტაა სამყაროსი, მისი გოდება ჩვენი, ადამიანური არსებობის გამო. დისჰარმონია, რომელიც ბესიკის ლექსების უმრავლესობას ახასიათებს, თვით სამყაროს დისჰარმონიულობით არის ნაკარნახევი: განა შეიძლება წესრიგი და ჰარმონია დახატო იქ, სადაც ქაოსი და უწესრიგობა სუფევს?
ამიტომაც არის, რომ მხოლოდ აქა იქ გამოანათებს ხოლმე ბესიკის სულის ღრუბლიან ცაზე ტრადიციული რითმა. მაგრამ როცა გამოანათებს, მყისვე შეგვახსენებს, რომ ეს ლექსი ხარანაულისაა, იმ კუთხის შვილის, სადაც ლექსსა და მუსიკას ერთმანეთისაგან არ ანსხვავებენ, სადაც თეთრი ლექსი ისევე უცხოა, როგორც ჟიპიტაური კონიაკის და არმანიაკის ქვეყანაში. მოდით, ჩავუკვირდეთ ვერლიბრის ოსტატის მყისიერ ნოსტალგიას ტრადიციული რითმიანი ლექსის მიმართ:
"დავყურებ ქალაქს,
როგორც სახინკლე ქვაბს,
და უსახურაოდ მდგარი სახლების დრტვინვას
შემკრთალი ლეკვივით ვუმზერ.
მიშველე რამე, წაქცეული ვარ
და მთვარის შუქი მაბიჯებს გულზე...”
ანდა:
"ისევ აფრინდნენ დედულეთის ნახნავებიდან
ლურჯი ყვავები,
ნისლიანი სივრცეებით გაბეზრებულნი.
დამეხსენი, დამეხსენი, გემუდარები."
ბესიკ ხარანაულზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ელიტარული პოეტია, ცხადია ამ სიტყვის არა სოციალ-პოლიტიკური მნიშვნელობით. რიგითი მკითხველი ვერ აიღებს ბესიკის ტომს და ვერ წაიკითხავს. თუ წაიკითხავს, აუცილებლად უკმაყოფილო დარჩება. მხოლოდ მისთვის არის ახლო ბესიკის პოეზია, რომლისთვისაც ხელოვნებაში აკრძალული არაფერია, თუნდაც ასოციაციების უწესრიგო ნაკადი. ბესიკს მხოლოდ ის გაუგებს, რომელსაც მასავით ესმის, რომ წესრიგი სამყაროში არ არსებობს და, თუ არსებობს, ჩვენთვის არ არის; მისი ლექსით კათარზისს მხოლოდ ის განიცდის, რომელმაც იცის, რომ "ის მარტო არის, მარტოდმარტო ოკეანის წინ და სურს თუ არა – უნდა შეტოპოს"; ის, რომელსაც სასაცილოდ ეჩვენება ყოველგვარი ილუზიები, რომ ადამიანი სამყაროს ბატონ-პატრონია. მართლაც:
"სასაცილოა,
ასჯერ უფრო სასაცილოა,
როცა ამ ცის ქვეშარაფერი შენ არ გეკუთვნის
და მაინც მასვე იმეორებ
კიდევ და კიდევ და ისევ ცდილობ შეეგუო,
დაუკავშირდე,
დაეწინდო,
დაუახლოვდე
და იმავე დროს მწარედ გრძნობდე,
რომ არაფერი, რომ არაფერი
არ შეგიცვლის ქვეყნად არაფერს."
***
ბესიკ ხარანაულის მსოფლმხედველობა ადამიანის სიმარტოვის, გარემოსთან და სხვა ადამიანებთან გაუცხოვების, ნიჰილიზმის მსოფლმხედველობაა. ბესიკისთვის არც ბუნება არსებობს იმ ანიმისტური თუ ჰილოძოისტური გაგებით, რომელიც ესოდენ არის დამახასიათებელი საქართველოს მთების ძირში გაზრდილი პოეტებისათვის, ვაჟათი დაწყებული და ნებისმიერი სახალხო "მთქმელით" დამთავრებული. მართალია, ქალაქისა და სოფლის დაპირისპირებას ბესიკ ხარანაულთან თითქმის ყველგან ვხვდებით, მაინც მისი ლტოლვა მშობლიური ივრის ჭალებისაკენ და ივრის ფსკერზე ძილის სურვილი ძალზე შორსაა ბუნებასთან ადამიანის იმგვარი ფუნქციონალური ერთიანობისაგან, როგორიც, მაგალითად, ვაჟას მინდიას ახასიათებს. ბესიკის დრამა ის კი არ არის, რომ ცივილიზაციას ვერ ჰგუობს და თავი ქალწულებრივად უმანკო ბუნების ნაწილად წარმოუდგენია (პირიქით, მე მეჩვენება, რომ ბესიკ ხარანაული არსებითად მაინც ურბანისტ პოეტად რჩება). დრამა ის არის, რომ მას თავისი ადგილი ქვეყანაზე საერთოდ ვერ მოუძებნია. მას ეჩვენება, რომ "ყველაფერი კარგად, კეთილად იქნებოდა", თავად რომ არ ყოფილიყო. მე ვარო "სამყაროს მოუწყობლობის მიზეზი", იდილია და წესრიგი მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც მე აღარ ვიქნებიო, ამბობს ბესიკ ხარანაული:
"ერთი შეხედე:
მზეს მიუტოვებია სნაიპერის შაშხანა,
წასულა სამზევეთში და ქლიავს ამწიფებს.
მუშები სახურავზე ასულან,
კაკ-კუკ, - სახურავს შეაკეთებენ.
ერთი შეხედე:
შენი ცოლი და დედაშენი მტრედებივით დამსხდარან,
ერთმანეთის წითელ ფეხსაცმელებს მისჩერებიან.
ერთი შეხედე:
საგნებს შორისაც, რომლებთანაც შენ ცხოვრობდი,
ჰარმონია დამყარებულა...
და ეს იმიტომ, რომ შენ წევხარ შუა ოთახში –
მკვდარი!"
***
მაშ რა არის ჩვენი არსებობის დანიშნულება? ნუთუ საერთოდ არაფერი? ნუთუ ისე მოვალთ და წავალთ ამ ქვეყნიდან, რომ ფუნქციას ვერ შევიძენთ? ბესიკ ხარანაულთან ამ კითხვებზე ასეთ პასუხს ამოვიკითხავთ: ისევე, როგორც ნაბინავარი ქოხის მოჭრიალე კარი, ჩვენც მხოლოდ მოქმედების ადგილი ვართ, "რადგან იქ, სადაც არც მთა არის და არც ხევია, არც ხე დგას ცალკე და არც წყალი მოდინება, ხომ უნდა იყოს სანიშნოდ რამე, რომ ადამიანს მხარი არ ექცეს." ჩვენ მხოლოდ ორიენტირები ვართ, რაღაც საგზაო ნიშნების მსგავსი, რომლებიც სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე ვიღაცას ჩამოუკიდია. ვცხოვრობთ მხოლოდ იმისთვის, რომ საბოლოოდ სიცოცხლის მთავარი ამოცანა ამოვხსნათ:
"მოკვდა. გარდაიცვალა.
იმისთვის უკვე ამოიხსნა ის ამოცანა,
რომელიც მისი დაბადების დღეს გაჩნდა ქვეყნად
და ამიტომაც უკვე ნება აქვს,
რომ თავისუფლად ამოისუნთქოს,
რადგან ის გამოუცნობი,
მთელი სიცოცხლე რომ აწუხებდა,
ამოხსნილია, გადაწყვეტილი:
მოკვდა. გარდაიცვალა."
***
რა უშლის პოეტს ხელს იცხოვროს ისე, როგორც სხვები ცხოვრობენ: ისარგებლოს ამქვეყნიური სიამტკბილობებით, დატკბეს სიცოცხლის მშვენიერებით, ჭამოს, სვას, უყვარდეს, დაიოკოს ველური ვნებები, პირადი ამბიციები? მეტწილად, როგორც მიწიერი არსება, ის ამას აკეთებს კიდეც, მაგრამ იცით რის ფასად?
"და, ჰა, ყოველთვის, როცა ცხოვრებას
ნებისყოფიან მზერას მივაპყრობდა დავაპირებ,
რომ ვაქციო სიღარიბე ჩემი –
სიმდიდრედ, ხოლო სიმხდალე – ვაჟკაცობად...
მაშინვე მოდის მოჩვენება
საწყალ, ავადმყოფ
და შემცივნულ გოგონასი... და მეუბნება:
"მე, უთვალავი წელი არის,
რაც თავი მახსოვს, სულ ასე ვარ
და ყველა, ვინც კი შენებრ
საბრძოლოდ შემართულა,
მე მადგამს ხოლმე ფეხსთავის გზაზე!"
***
როგორც ყველა სასოწარკვეთილი ადამიანი, ბესიკ ხარანაულიც რწმენა შერყეული კაცია, რომ არა ვთქვათ ათეისტი: "ერთადერთი, რაც არის, არის არარსი", ამბობს იგი. ბესიკის რელიგია მისი სნეული სინდისია, რომელიც დრო და დრო მას საწყალი, ავადმყოფი გოგონას სახით მოევლინება ხოლმე. იგი მარტოსულია, სამყაროსთან პირისპირ დარჩენილი. ეგზისტენციალური შიში და გაუცხოვება მისი თანამდევი გრძნობებია. ამიტომაც ზოგჯერ ოცნებობს კიდეც, ნეტავ უფრო მკაცრ ეპოქაში ეცხოვრა მონად, რათა ტვინის ჭყლეტა, გონებისთვის ძალდატანება არ დასჭირვებოდა. მას ხომ ეცოდინებოდა, რომ უმაღლესის ნებას მიჰყვება, რომ ჰყავს პატრონი, რომელიც ყველას მაგივრად ფიქრობს. მაგრამ, როგორც ნიცშე ამბობს, ღმერთი მოკვდა და ადამიანიც უპატრონოდ დარჩა. ხოლო სარტრის კვალდაკვალ ბესიკ ხარანაულსაც შეეძლო ეთქვა: "ადამიანი განწირულია თავისუფლებისათვის."
***
თავისი დიდი სეხნიის მსგავსად ბესიკ ხარანაულიც საოცრად ეროტიული პოეტია, თუმცა, ცხადია, თანამედროვე მნიშვნელობით. "თანამედროვეობა" ამ შემთხვევაში გულისხმობს არა სუბლიმირებულ გრძნობებს ობიექტის მიმართ (თუ ივრის ჭალების მარინეს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ ბესიკს რეალური ან წარმოსახვითი ობიექტი, უწინ მუზას რომ უწოდებდნენ, არც ჰყავს), არამედ დაუოკებელ, ცხოველ ინტერესს საწინააღმდეგო სქესის, უფრო პირდაპირ თუ ვიტყვით, ქალის სხეულის მიმართ:
"ქალის დილის ტუალეტი – ეს კლასიკაა,
ძველისძველი და უცვლელი,
ვით თვით ქვეყანა.. . .
შეხედეთ, პოზა:
როცა იგი წინდებს იმაგრებს.
ყოველთვის, სადაც კი შეხვდებით
ამ გრძნეულ პოზას,
სულ ერთი არის, სახლში თუ "სხვაგან".
იამაყეთ და ნუ შეგრცხვებათ,
რადგან უმზერთ ძველისძველ რიტმს,
ძველ მოძრაობას.
თვალი დააცხრეთ ამ რიტუალს,
ისე დააცხრეთ, თითქოს ჰკვდებით
და ეს სურათი თან მიგაქვთ საგზლად."
ბესიკ ხარანაულის ეროტიზმის ერთ-ერთ აშკარა თავისებურებას აქა-იქ დაუფარავად გამოვლენილი ნარცისიზმიც წარმოადგენს – ზოგან რაფინირებული, სუბლიმირებული სახით:
"და გწამდეს, წმინდა არის
თავის თავის სიყვარული."
სხვაგან უფრო ველური, ნედლი, შეიძლება შოკის მომგვრელიც:
"მარტოდმარტო ვარ,
რა ტკბილია, ღმერთო სიცოცხლე!
ვბორიალობ დედიშობილა და
შიგადაშიგ მშვიდად თავსაც ვათვალიერებ:
დიდი ხანია წესიერად არც შემიხედავს
ჩემი ძვირფასი, სანატრელი ნაწილებისთვის."
შეიძლება ვინმეს არც მოსწონდეს ეს სტრიქონები, ზოგს შეიძლება უხამსადაც მოეჩვენოს ისინი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი თვისება, რაც პოეტს და ხელოვანს ახასიათებს, რომლის გარეშეც თუნდაც წარმოსახვის დიდი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი პოეტად ვერ იქცევა, არის პიროვნული სიმამაცე წარმოაჩინოს თავისი თავი ნატურაში, რადგან თუ ეგსჰიბიციონიზმის უნარი არა გაქვს, ვერც პოეტურ ფანტაზიას მისცემ თავისუფლებას. რაც უფრო ძლიერია ადამიანში ego – ზნეობრივი ცენზორი, მით უფრო დახშულია თავისუფლების კარი id-ისთვის, ანუ არაცნობიერი ვნებებისათვის, რომლებიც ხელოვანისათვის აუცილებელ საზრდოს წარმოადგენს.
***
ერიჰ ფრომმა ადამიანში ერთი უცნაური მიდრეკილება დაინახა. თურმე დაბადების მომენტიდანვე ჩვენ გამუდმებით განვიცდით დაკარგულ ძაფებს დედის საშოსთან – ერთადერთ ნამდვილ თავშესაფართან, რომელშიც ჩვენი უსუსური არსება ბოლომდე დაცულად და უდრტვინველად გრძნობს თავს. ეს "დაკარგული სამოთხე" ჩვენს წარმოსახვებში ედემის ბაღად იქცა, საიდანაც ჩვენი წინაპარი გამოაძევეს. თურმე ჩვენი ცხოვრების გამუდმებული მცდელობა ამ ემბრიონული მდგომარეობის ამაო ძიებას წარმოადგენს. თურმე იმიტომაც მარხავდნენ ჩვენი წინაპრები მიცვალებულებს მოკუნტული სახით, რომ ამით მიცვალებულს ჩანასახს ამსგავსებდნენ, ხოლო სამარეს კი – დედის მუცელს.
ბესიკ ხარანაულის პოეზიას ლაიტმოტივად გასდევს ნოსტალგია ამ დაკარგული სამოთხის მიმართ. ზოგან ეს განცდა სრულიად არაორაზროვნად ამოდის ცნობიერების ზედაპირზე:
"ის არ მერჩივნა,
დედის საშვილოში რომ ვიჯექი,
როგორც ძველი მინიატურა ოქროს ჩარჩოში."
ან:
"დედის მუცელი იყო ჩვენი სალხინებელი".
ანდა:
"რა თავშესაფარს ვიორმოვებთ,
ან რად გვინდა, რომ დავიმალოთ?
რატომ ვცხრებით?
ან ჩვენი ვნების ნანგრევებთან
რატომ ვსხდებით მოკუნტულები?
რა ახალ ჭიპს ვეძებთ, ნეტავ,რა ახალ კავშირს?
ვერ შევეჩვიეთ სიმარტოვეს?"
ზოგანაც დედის მუცლის ადგილს მშობლიური თიანეთი იკავებს. ერთი მხრივ, მილიონიანი ქალაქის, თანამედროვე ქალაქური ცხოვრების, მანქანების, ქუჩის მტვერისა და, მეორე მხრივ, თიანეთური პასტორალური პეიზაჟების, ძროხების, მწყემსების, სოფლის დედაკაცების, "ბებოჩემის" დიქოტომია მთელი მისი პოეზიის ძირითად თემას, ცხოვრების გადაულახავ წინააღმდეგობას წარმოადგენს. როგორ მოენატრება ხოლმე პოეტს პასტორალური გარემო, რომ ქალაქშიც სოფლურ ნათიბებს ეძებს:
"მე ვენაცვალე გზის პირზე ნათიბს,
შუა ქალაქში, ასფალტის გასწვრივ.
დავწვები პირქვე,
ფეხსაცმელებს გვერდით მოვიწყობ.
გამვლელს რაც უნდა,ის გაიფიქროს...".
***
ბესიკ ხარანაული სტილითაც და აზროვნებითაც უაღრესად თანამდეროვე პოეტია. "ძაფი ნერვის" არ არის მასში რომელიმე სხვა ეპოქის. მისი ჰარმონია და რიტმი ისევე არ არის ტრადიციული, როგორც XX საუკუნის მუსიკაში პროკოფიევის, შოსტაკოვიჩის თუ შნიტკეს ჰარმონია. მისი პოეზია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, "ორშაბათების და სამშაბათების", ფიქრების, განცდების, რეფლექსიების, ნოსტალგიებისა და სასოწარკვეთილების პოეზიაა. ვერლიბრი ასეთი პოეზიისათვის ლექსის ყველაზე უფრო სწორი ფორმაა, რადგან ცნობიერების ნაკადი რითმის მარწუხებში ვერასდროს მოექცევა. მაგრამ, მეორეს მხრივ, ვერლიბრისტი მუდამ დიდი რისკის წინაშე დგას, რადგან მუდმივად პროზის უფსკრულზე გადებულ თოკზე უხდება გავლა. ერთი არასწორი მოძრაობა და დაღუპვა გარდაუვალია. ამ თოკზე ბესიკ ხარანაული დღემდე ვირტუოზი ეკვილიბრისტის დამაჯერებლობით გადის.
***
არსებობს ერთი რამ, რაც, ერთი მხრივ, ბესიკ ხარანაულის შემოქმედებით იმპულსს, ხოლო მეორე მხრივ, პოეტსა და მის მკითხველს შორის ერთიანობის საფუძველს წარმოადგენს. ამ რასმე ოდესღაც ჰეგელმა "უბედური ცნობიერება" დაარქვა. ბესიკი ამ უბედური ცნობიერებით დაიბადა. პოეტადაც იგი ასეთმა ცნობიერებამ (ცხადია პოეტურ ნიჭთან ერთად) აქცია. ბესიკს სრულიად მკაფიოდ გაუცნობიერებია ეს, რადგან ასე ამბობს:
"არც ერთი ყლუპით,
არც ერთი გროშით,
არც ერთი ღერით,
არც ღონითა,
და არცა ჭკუით:
- ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე!"
დიახ, სწორედ ეს ერთით მეტი ცრემლია, პოეტს არაპოეტისაგან რაც განასხვავებს. სევდის დუღილი, რასაც ამ, ერთი შეხედვით მშვიდი იერის მქონე კაცის სულის სიღრმეებში აქვს ადგილი, სწორედ უბედური ცნობიერების ნაყოფია. უბედური ცნობიერება პირად ბედნიერებაზე, პირად მიღწევებსა და მარცხებზე არ არის დამოკიდებული. ამქვეყნიური სიამტკბილობების ქონა-არქონა უბედური ცნობიერების მქონე კაცს სამყაროს ხედვას ვერ შეუცვლის. ეს არის ცნობიერება, რომელიც პოეტს ამას ათქმევინებს:
"ივრის ჭალებში დადის ცხენი
კოჭლი, გამხდარი,
და ამ მილიონ... ამ მილიარდ...
ამ სამყაროში
ვერავინ ხედავს მას მგლის მეტი...".
პოეზია უბედური ცნობიერების მქონე ადამიანისათვის ფსიქოთერაპიის ფუნქციას ასრულებს, ხოლო ფსიქოთერაპევტის როლს კი – მკითხველი. ბესიკ ხარანაული, თუმც ცნობიერებით უბედური, ბედნიერია, რადგან მას პოეზიის ნიჭიც არგუნა ღმერთმა და მისი პოეზიის ჯეროვნად დამფასებელი მკითხველიც. სხვებმა რაღა ვთქვათ, ვისთვისაც უფალს შემოქმედებითი ნიჭი არ უბოძებია?
***
ბესიკ ხარანაული აგერ უკვე სამოცი წლის ხდება. სიჭაბუკეშივე სევდისგან დაბერებული პოეტი თითქმის სამოცი წლის ასაკში ისევ იმ 22 წლის ჭაბუკს ჰგავს, რომელმაც ოდესღაც დაწერა:
"ჩემს სახეს,
ყვითელ ფოთოლზე დახატულს,
შენი ალერსი უნდა, მარინე.
მიბრძანე რამე,
ვეებერთელა ლოდები მთაზე ამატანინე".
No comments:
Post a Comment