Wednesday, July 28, 2010

სანდრო ბარამიძე

უნდა ვიცოდეთ თუ არა პრეზიდენტის პირადი ცხოვრების შესახებ?

პრეზიდენტების და სხვა ლიდერების პირადი ცხოვრება ყოველთვის იყო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მეხსიერებას დიდხანს შემორჩება პრეზიდენტ კლინტონის სქესობრივ თავგადასავლებთან დაკავშირებული სკანდალები; ვის არ ახსოვს პრინცესა დაიანას ტრაგიკული ამბავი; ვის არ მოუსმენია რეპორტაჟები იტალიის პრემიერ-მინისტრისა თუ საფრანგეთის პრეზიდენტის ინტიმური ცხოვრების შესახებ?

ადამიანებს აინტერესებთ, თუ როგორ იქცევიან მათ მიერ არჩეული ან, თუნდაც არარჩეული, მაგრამ მაინც სახელმწიფოს სადავეების მპყობელი პირები. ამგვარი ინტერესი არა მხოლოდ უბრალო ცნობისმოყვარეობაზეა დაფუძნებული, არამედ იმ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო ხალხია; რომ ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, რომელიც ანგარივალდებულია ხალხის წინაშე.

უფლება იცოდე თუ როგორ იქცევა შენი რჩეული, გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული პირობების საფუძველზე, რომელთა არსებობის საკითხი სასამართლოს მსჯელობის საგანია. ერთ-ერთი პირობა, რომელიც სხვებთან ერთად შეიძლება საფუძვლად დაედოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, „სხვათა უფლებების დაცვაა“. ამგვარში კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობაც იგულისხმება. როდესაც გამოხატვის თავისუფლება კონფლიქტში შედის პირის კერძო ცხოვრების უფლებასთან, სასამართლოს მართებს დაიცვას სამართლიანი ბალანსი ამ ორ უფლებას შორის.

კერძო ცხოვრება ქვეყნის ლიდერებსაც გააჩნიათ. სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთ საქმეში აღნიშნული აქვს, რომ გერმანიის სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მონაკოს პრინცესას კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა, როდესაც მისი ცხოვრების ინტიმური მხარეები პრესამ საზოგადოების სამსჯავროზე გაიტანა. მაგრამ ეს ფაქტი არ შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, თითქოს ვინმეს შეუძლია წინასწარ აუკრძალოს მედიას დაინტერესდეს პრეზიდენტების და სხვათა პირადი ცხოვრების დეტალებით. ასეთი წინასწარი აკრძალვა ცენზურას ნიშნავს, რაც კონსტიტუციით დაუშვებელია.

პრეზიდენტებს შეუძლიათ სამოქალაქო წესით იდავონ იმ პირებთან, რომლებიც, მათი აზრით, მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას არღვევენ. თუმცა, ნებისმიერ საჯარო პირს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ერთი მნიშვნელოვანი პრივილეგია გააჩნია კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან შედარებით: ამ უკანასკნელის დამრღვევი პასუხს არ აგებს დარღვევისათვის, თუ მან საზოგადოებას გაუმხილა საჯარო პირის პირადი ცხოვრების ისეთი მოვლენები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად.

ჟურნალი "ლიბერალი", 26 ივლისი, 2010 წ.

No comments:

Post a Comment